Posts tagged “factory of emotions

Factory of Emotions

გარშემო სიბნელეა… სიცარიელე… ყველაფერი და თან არაფერი…

მინდა ჩავიძირო ლურჯ ზღვაში და თავზე ლურჯი მზე დამნათოდეს…


ცივა… მთვარესავით ცივა….

სინათლის ვიწრო ზოლიც კი არსაიდან მოდის… არც ლურჯი ზღვიდან…


დავბრმავდი და ვეღარც ამ ზღვას ვხედავ… თითქოს ხელახლა დავიბადე და ახლა ვეჩვევი ახალ გარემოს…

არ მესმის… ვერ შევიგრძნობ… ვიცი, რომ ძალიან ცხელა და ამ დროს როგორ მცივა…

როგორ… როგორ…
ნისლი… თვალუწვდენელი ბურუსი…

ლაჟვარდისფერი გაურკვევლობა, მეწამული სიბნელე…
აზრებს თავის ნებაზე დენის საშუალებას ვაძლევ…

რატომ არაა სინათლე შავი? რატომ ჰქვია თეთრი სინათლეს და შავი სიბნელეს? იქნებ პირიქითაა?

 


კვლავ სიცივე, რომელიც სხეულსაც და სულსაც შეგრძნების უნარს აკარგვინებს და უსასრულობაში მიაქანებს…

 


ყველაფერი არაფერია და ამავე დროს ყველაფერი… ამ ყველაფრით სავსეა ყველაფერი, ანუ ესენი ერთი და იგივეა… ყველაფერი ყველაფერია და თან არაფერი…


შოკოლადივით ტკბილია ასეთი მომენტები… და ცხოვრებასავით მწარეც, რადგან ამ დროს საკუთარ არარაობას სრულად შეიგრძნობ…

და მაინც, იხტიბარს არ იტეხ და შენს ადგილს ეძებ ამ გაუგებრობაში…


კარტის დასტა… უდარდელი გულები, ცარიელი აგურები, გაუგებარი ჯვრები და მისტიური ყვავები არხეინად დანავარდობენ ხელიდან ხელში.. მათაც კი შეუძლიათ ემოციის გამოწვევა…

ემოციის, რომლითაც ასეთი ღარიბები ვართ…

ემოციის, რომლის მისაღებადაც ამდენს ვწვალობთ…

მუსიკაც ხომ ემოციის სიმულატორია…

თანაც ლამაზი, ბოროტი, სევდიანი, მხიარული, გულგატეხილი და იმედიანი – მენიუ მრავალფეროვანია, ოღონდ ისურვე და ემოციის ფაბრიკა შენთვის ამუშავდება…


არადა ამაზე რამდენად მეტია მუსიკა… სხვისი ემოციის გამოძახილია… ამოხეთქილი გრძნობები, რომელსაც იმისთვის ვიყენებთ, რომ თავადაც ვიგრძნოთ რამე… ისე ხომ კაცობრიობის მცირე ნაწილს აქვს გრძნობები…

ან იქნებ დიდ ნაწილსაც, მაგრამ დროთა განმავლობაში კარგავენ… ან კიდევ მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთებში…

არადა ემოცია იმდენად თავბრუდამხვევი და წარმტაცი რამაა, რომ ნარკოტიკივით სულ მეტი და მეტი გინდა…

ემოციის ფაბრიკა მუშაობას განაგრძობს...

Advertisements