Posts tagged “bliss

ურთიერთობა-ნარკოტიკი და “ლომკა” სკაიპში

ვაღიარებ, ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ნარკოტიკია.

ადამიანები, რომელთაც ვუახლოვდები და ყველანაირ თემაზე ველაპარაკები, ჩემთვის ჰაერივით საჭირო ხდებიან ხოლმე.

მინდა, ყოველდღე საათობით ველაპარაკო.

ზოგჯერ ლაპარაკის დამთავრების შემდეგ გონებაში ისევ ვაგრძელებ მათთან საუბარს.

თავბრუ მეხვევა და მთელი დღეები სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.

 

მჭირდებიან ადამიანები.

მათ გარეშე თავს არარაობად ვგრძნობ და ჯადოსნურ ციხესიმაგრეში ვეძებ თავშესაფარს.

ვირტუალური ურთიერთობა გაცილებით უფრო თავისუფალს მხდის და ისეთ რაღაცეებს მაფქვევინებს, რასაც პირისპირ არავის ვეტყოდი.

დიდი ხნის ნაცნობებთანაც კი სკაიპში დამიწყია ახლო ურთიერთობა გაცნობიდან კარგა ხნის შემდეგ.

ასეა ყოველთვის – მორიგი სკაიპი-კაიფი და მის გარეშე კი საშინელი  “ლომკა” – მთელი დღეები გულის ფრიალი და ჰიპერაქტიული მომენტებისა დეპრესიის დღეში 15-ჯერ მონაცვლეობა.

სასაცილო ისაა, რომ ეს “საშინელებაც” მიყვარს.

მიყვარს, იმიტომ რომ თავს ადამიანად მაგრძნობინებს.

ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

ჰაერში გამოკიდებული, მაგრამ ცოცხალი.

ემოციებზე ვკაიფობ. ფრენა მიყვარს.

 

ბრახ! რეალობა…

დამეთანხმებით, რაც არ უნდა საინტერესო იყოს ეს საუბრები, თუ ადამიანი ემოციურად involved არაა, მისთვის ეს მოსაბეზრებელი და ძნელად ასატანი შეიძლება გახდეს.

მითუმეტეს, როცა ამ ადამიანს ყველაფერი იოლად ბეზრდება.

ხედავ, რომ საათობით გელაპარაკება – თუ მისწერ.

აშკარად მოსწონს – თითქოს.

თითქოს…

მაგრამ პირველი თვითონ არ გწერს არასდროს.

და გიჩნდება კითხვა – იქნებ თავს აბეზრებ?

იქნებ საერთოდ არ უნდა ლაპარაკი და უბრალოდ გულს არ გტკენს?

იქნებ…

ამიტომ ზიხარ და უყურებ, როგორაა შემოსული სკაიპში და მაინც არ წერ…

ბოლო 10 ლაპარაკისას შენ არ მისწერე? ახლა იქნებ მან მოგწეროს?

მარტო ეს არ გაკავებს, არც ნარკოტიკის მიჩვევა გინდა – მერე ისეთი სასიამოვნო აღარაა და ახალი საინტერესო ადამიანის მოძებნა გიწევს, რაც არც ისე ადვილია.

ზიხარ და ლომკა გტანჯავს.

გულ-მუცელის მწველი, თავბრუდამხვევი, ხელების ამაკანკალებელი ლომკა.

როგორ მინდა კაიფში გატარებული კიდევ ერთი საღამო.

რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და იქნებ ამ ნარკოტიკის ზეგავლენიდანაც მოვახერხო გაძლიერებულმა გამოსვლა.

იქნებ…

Advertisements