Posts tagged “ჰომოსექსუალიზმი

ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია

რა ხდება მაშინ, როცა აღამოაჩენ, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გეია? რომ თურმე შენი არცთუ ახლო, მაგრამ მაინც მეგობრებიდან (და არა უბრალოდ ნაცნობებიდან), რამდენიმეს საკუთარი სქესის წარმომადგენლები იზიდავს?

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მორალური ჭუჭრუტანიდან ყურებას რომ თავი დავანებოთ და კარში თამამად შევიდეთ, ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რასაც შორიდან ვერც შევამჩნევდით. პირველ რიგში, მათი დათრგუნულობა მოგვხვდება თვალში (რომელიც მიმალულია, მაგრამ აუცილებლად არსებობს). ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ სხვაა, ამ ყველაფერს იმ ადამიანში ხედავ და გრძნობ, რომელიც სულერთი არაა.

სიბრაზე მეუფლება, როცა ვიცი, რომ სამყაროსთვის ეს კომუნიკაბელური, საყვარელი, ჭკვიანი და მხიარული ადამიანი შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაიქცეს საზიზღარ და დასაცინ არსებად, ან უფრო უარესი, „ავადმყოფად“, ადამიანად, რომელსაც შველა სჭირდება. რისთვის?

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებენ ისინი ამ გრძნობასთან გამკლავებას – როცა მუდმივად საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო, სადღაც კუნჭულში მიმალო და მასზე ჩურჩულით ისაუბრო…

სასიამოვნო და ამავე დროს გულში მჩხვლეტავი შეგძნებაა, როდესაც მეგობრის თვალებში უდიდეს შვებას დაინახავ, როცა ის შენთან პირველად იქნება ბოლომდე გულწრფელი. მჩხვლეტავი იმიტომ, რომ გახსენდება, რამდენად რთულია საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში ცხოვრება. როცა წარმოიდგენ, რომ გიორგი ვერ გაივლის ქუჩაში საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული (ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში), ვერ ეტყვის სამყაროს, როგორ უყვარს ის. ნიღაბს ყველა ატარებს, მაგრამ არა ამსიმძიმეს.

კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა სამ ბიჭთან ერთად დგახარ და იცი, რომ აქედან ორს ბიჭები მოსწონს, ამ დროს კი მესამე ბიჭი აღშფოთებით საუბრობს ჰომოსექსუალიზმზე და არც იცის, რომ გვერდით მისთვის “ამაზრზენი არსებები“ უდგანან, რომელთაც “თავს გაუხეთქავდა“, შანსი რომ მისცემოდა. არადა, უმეცრებაში მყოფი მშვენივრად ატარებს მათთან ერთად დროს.

როგორ მინდა, ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს და სხვისი ორიენტაციის, ცხოვრების სტილისა თუ აზრის დევნას თავი დაანებოს. მინდა, რომ ოდესმე გიორგიმ საყვარელ ადამიანთან ერთად ქუჩაში ისევე გაიაროს, როგორც დღეს შეყვარებული წყვილები დადიან, და ეს არავის აინტერესებდეს.

ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია!