Posts tagged “სიყალბე

ოცნებები უინტერნეტობისას, ბაყაყების ორკესტრის თანხლებით

ვუყურებ, ვისმენ და უბრალოდ შევიგრძნობ.

რას?

თბილისის ზღვას.

თბილისის ზღვაზე უთვალავ ნათურას, წყალში რომ ირეკლებიან და გისოსებს გვანან… განწყობის თეორიაა, ვცხოვრობ გალიაში – ვხედავ გისოსებს…

მესმის ბაყაყების ყიყინი, გვერდით და მიზის, რომელსაც ვეხუტები, მის  სითბოს ვგრძნობ და ბაყაყების ორკესტრს ვუსმენ შორიდან… ნეტა რა აყიყინებთ ღამის 5 საათზე? რამე უხარიათ? წუხან? უყვართ? სძულთ?

მზის ენერგიით დამუხტული პატარა ნათურები მორცხვად ციმციმებენ სახლის წინ… მთებს იქით კი ჰაერში გამოკიდებული შუქები , მათაც თითქოს რაღაცის ერიდებათ…

საოცარი შეგრძნებაა… საოცარი ადგილი. უცნაური აურა, თითქოს სუფთა, შეურყვნელი, უცოდველი.

ცხოვრებაში რამდენჯერ მიძებნია წმინდა, შეურყვნელი ადამიანები… ადამიანები, რომელთაც ადამიანთა სიკეთის ჯერ კიდევ სჯერათ… ისე, როგორც ბავშვებს თოვლის ბაბუის. როგორ მდომებია, რომ ამ ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს არ გაიღვიძონ და არ გაიგონ, რომ ის არ არსებობს… რატომ არ არსებობს? ყველაფერი არსებობს, რისიც გვჯერა… დაჯერებაა პრობლემა – ხომ ვერ იტყვი უცებ, ამის მინდა მჯეროდეს და მართლა დაიჯერო?

აი ასე, ვსხედვართ თბილისის ზღვაზე და ვჯვამთ სიბრძნეებს… ვწუწუნებ ჩემს „შინაგან ტორმუზზე“, რომელიც თავისუფლების საშუალებას არ მაძლევს… ვწუწუნებთ ანგარებაზე, ვწუწუნებთ უნდობლობაზე და ვნანობთ, რომ ადამიანებს გულს ვუშლით, რადგან მათი ცუდი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ცოდნის ჩვენივე საზიანოდ შემობრუნების იმედი გვაქვს…

გვაინტერესებს, რატომ არ ლაპარაკობენ სხვები საკუთარ თავზე, საკუთარ შეგრძნებებზე, საკუთარ ოცნეებზე?

დღეს დავუსვი ერთ ადამიანს ეს შეკითხვა და მიპასუხა, ძირითადად ძილზე ვიცნებობო…

რატომ ავიწყდებათ მოზრდილებს ოცნება? ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ლამაზი შეიძლება იყოს…

აღარ ოცნებობენ საყვარელ ადამიანთან ერთად თბილისის ზღვაზე ჯდომაზე და მძინარე ქალაქის ყურებაზე…

აღარ ოცნებობენ მწვანე ბალახზე წამოწოლაზე, ვინმესთან ჩახუტებაზე და უბრალოდ მთვარის სილამაზით ტკბობაზე…

აღარ ოცნებობენ ნაყინის პლანეტაზე, ცოცხით ფრენაზე, სითბოზე, ვიღაცის თვალებში სამყაროს დანახვაზე… ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბედნიერი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყო, რომ დღეს მზე ანათებს და სულს გითბობს.

ვერ წარმოუდგენიათ ან ამაზე ფიქრი დაავიწყდათ. იმდენად მოსაწყენი გახდა ცხოვრება, ყალბი ურთიერთობები, მატერიალურზე ოცნება, რომ ოცნებებისთვს ადგილი არაა.

ასეთები არიან ყველანი, ბორკილდადებულნი და ჩაკეტილნი!

სიჩუმეს თვითმფრინავის ხმა არღვევს… რამდენი ადამიანი მიფრინავს ახლა ამ დაწყევლილი ადგილიდან? ადგილიდან, სადაც ოცნება დაავიწყდათ? თუმცა, არც სხვაგან მეგულებიან მეოცნებენი… მათ ხომ სასტიკად უსწორდებათ ცხოვრება? ოცნებებს დანგრევა უწერიათ მხოლოდ. ასე გვასწალიან სკოლაში, ასე გვასწავლიან მშობლები, ასე გვასწავლიან მეგობრები. რატომ უნდა იოცნებო შეუძლებელზე?

მარტო იმიტომ, რომ წამით ამ ოცნების ნაწილი ხდები და ბედნიერი ხარ.

მხოლოდ ამიტომ…

მარცხნივ, მთების თავზე ცას სითეთრე შეეპარა… უკვე თენდება, ხვალ – არა, უკვე დღეს – რამდენი საქმეა გასაკეთებელი, რამდენი წვრილმანი სადარდებელი და რამდენი სიყალბე მოსათმენი…

მინდა რომ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს…

კიდევ მეოცნებე ადამიანი მინდა…

მინდა, მასთან ერთად გავფრინდე…

არ მაკმაყოფილებს ეს სამყარო…

სხვა სამყაროში მინდა…

მინდა…

Advertisements

ლოყების ხახუნი ანუ მისალმება ქართულად

ქართულ მისალმებას გადაკოცნა კი არა, ლოყების ხახუნი და ხმაური უნდა ერქვას.

საშინლად ყალბია, ცივი და უგულო.

უბრალო ფორმალობა, რომელსაც სითბოს გამოხატვასთან არაფერი აქვს საერთო. მისალმების საზიზღარი ფორმაა მოკლედ.

კოცნა ტუჩების შეხებაა.

ვერ გავიგე, რა აზრი აქვს ვინმეს ლოყის გვერდით ჰაერის კოცნას? ბარემ ყველგან ვაკოცოთ ჰაერს, სადაც კი ადამიანს გაუვლია. არავინ გამოგვრჩება და არც არავინ დარჩება ნაწყენი, “რატომ არ გადამკოცნაო”.

განსაკუთრებით “გოგოჩოები” მაღიზიანებენ, “მპუააა” იმხელაზე რომ იციან, გეგონება კოცნა კი არა, ორგაზმი იყოს. კიდევ უფრო დიდი საშინელება ისაა, ლოყაზე რომ გეწებებიან ხოლმე.

თუ ახლო ადამიანს არ ესალმები, მგონი “გამარჯობის” თქმაც საკმარისია, ვირუსებისგან მაინც დავიცავთ ერთმანეთს.

და თუკი სითბოს და ადამიანის დანახვით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა გვინდა, ჩახუტებას ან მართლა კოცნას რა ჯობია, გული არ ერევა არავის ამ “უწი-პუწი” რაღაცებზე?

ძირს სიყალბე!