Posts tagged “სილამაზე

ჯადოსნური ციხესიმაგრე გერმანიაში

ეს Neuschwanstein-ია – ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრე მსოფლიოში, რომელიც კინაღამ მსოფლიოს ახალ 7 საოცრებაში შევიდა.

ციხესიმაგრე, რომლის გარშემო ლეგენდებს ბოლო არ უჩანს.

სასახლე, რომელიც რეალობაში თუ ნახე, განცდილი ემოციები ცხოვრების ბოლომდე გეყოფა. სურათებიც კი შოკისმომგვრელია. მისი შემხედვარე თავს ნამცეცა ადამიანად, არარაობად გრძნობ.

რამდენ ჩვენგანს შეუძლია ცხოვრებაში ასეთი სასწაულის შექმნა?

ესაა სასახლე, რომელიც დისნეილენდის მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრის შთაგონება გახდა.

სასახლე, რომელიც 1 ადამიანისთვის – ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ისთვის აშენდა მე-19 საუკუნეში. ნოიშვანშტაინი სწორედ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მშენებლობის არცერთი დეტალი არ დაუტოვებია უყურადღებოდ.

ლუდვიგ II – ლეგენდარული პოეტური სულის მქონე “ზღაპრების მეფე”, რომელსაც ვაგნერის ოპერები და განმარტოება უყვარდა. “შეშლილ მეფესაც” ეძახდნენ უცნაურობების გამო.

სუფრას 4 კაცისთვის აშლევინებდა ხოლმე, რადგან წარმოსახვით სტუმრებთან ერთად უყვარდა ვახშმობა. მეფე ხშირად ღამით ცხოვრობდა, დღისით კი ეძინა.

ციხესიმაგრის იდეა პირველად რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილ წერილში აღწერა.

ნოიშვანშტაინში (ეს სახელი მას მხოლოდ მეფის სიკვდილის შემდეგ ეწოდა) ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა და მის დასრულებას ვერც კი მოესწრო.

მეფის ექსცენტრული ბუნება მრჩევლებს ყელში ამოუვიდათ და გიჟად გამოაცხადებინეს.

“ზღაპრების მეფის” სიკვდილიც კი საიდუმლოებითაა მოცული – სასახლის ახლოს ტბაში იპოვეს დამხრჩვალი იმ ექიმთან ერთად, რომელმაც შეშლილად გამოცხადა.

“შეშლილი მეფის” საყვარელი კომპოზიტორი ვაგნერი ციხესიმაგრეში ერთხელაც არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან მისი ოპერების სცენებით იყო მთელი სასახლე მოხატული. კომპოზიტორი სასახლის დამთავრებამდე გარდაიცვალა.

ციხესიმაგრის სახელი – Neuschwanstein ქართულად “ახალი გედის ქვას” ნიშნავს და ვაგნერის ერთ-ერთი ოპერის პერსონაჟის საპატივსაცემოდ დაერქვა.

იმედია, ოდესმე ამ ჯადოსნური ქმნილების აღქმას ახლოდან შევძლებ.

ნოიშვანშტაინის სილამაზით ალბათ კიდევ მრავალი თაობა დატკბება, ჩემნაირებს კი შეშურდებათ, რომ ასეთი საოცრების შექმნა არ ძალუძთ.

Advertisements

ოცნებები უინტერნეტობისას, ბაყაყების ორკესტრის თანხლებით

ვუყურებ, ვისმენ და უბრალოდ შევიგრძნობ.

რას?

თბილისის ზღვას.

თბილისის ზღვაზე უთვალავ ნათურას, წყალში რომ ირეკლებიან და გისოსებს გვანან… განწყობის თეორიაა, ვცხოვრობ გალიაში – ვხედავ გისოსებს…

მესმის ბაყაყების ყიყინი, გვერდით და მიზის, რომელსაც ვეხუტები, მის  სითბოს ვგრძნობ და ბაყაყების ორკესტრს ვუსმენ შორიდან… ნეტა რა აყიყინებთ ღამის 5 საათზე? რამე უხარიათ? წუხან? უყვართ? სძულთ?

მზის ენერგიით დამუხტული პატარა ნათურები მორცხვად ციმციმებენ სახლის წინ… მთებს იქით კი ჰაერში გამოკიდებული შუქები , მათაც თითქოს რაღაცის ერიდებათ…

საოცარი შეგრძნებაა… საოცარი ადგილი. უცნაური აურა, თითქოს სუფთა, შეურყვნელი, უცოდველი.

ცხოვრებაში რამდენჯერ მიძებნია წმინდა, შეურყვნელი ადამიანები… ადამიანები, რომელთაც ადამიანთა სიკეთის ჯერ კიდევ სჯერათ… ისე, როგორც ბავშვებს თოვლის ბაბუის. როგორ მდომებია, რომ ამ ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს არ გაიღვიძონ და არ გაიგონ, რომ ის არ არსებობს… რატომ არ არსებობს? ყველაფერი არსებობს, რისიც გვჯერა… დაჯერებაა პრობლემა – ხომ ვერ იტყვი უცებ, ამის მინდა მჯეროდეს და მართლა დაიჯერო?

აი ასე, ვსხედვართ თბილისის ზღვაზე და ვჯვამთ სიბრძნეებს… ვწუწუნებ ჩემს „შინაგან ტორმუზზე“, რომელიც თავისუფლების საშუალებას არ მაძლევს… ვწუწუნებთ ანგარებაზე, ვწუწუნებთ უნდობლობაზე და ვნანობთ, რომ ადამიანებს გულს ვუშლით, რადგან მათი ცუდი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ცოდნის ჩვენივე საზიანოდ შემობრუნების იმედი გვაქვს…

გვაინტერესებს, რატომ არ ლაპარაკობენ სხვები საკუთარ თავზე, საკუთარ შეგრძნებებზე, საკუთარ ოცნეებზე?

დღეს დავუსვი ერთ ადამიანს ეს შეკითხვა და მიპასუხა, ძირითადად ძილზე ვიცნებობო…

რატომ ავიწყდებათ მოზრდილებს ოცნება? ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ლამაზი შეიძლება იყოს…

აღარ ოცნებობენ საყვარელ ადამიანთან ერთად თბილისის ზღვაზე ჯდომაზე და მძინარე ქალაქის ყურებაზე…

აღარ ოცნებობენ მწვანე ბალახზე წამოწოლაზე, ვინმესთან ჩახუტებაზე და უბრალოდ მთვარის სილამაზით ტკბობაზე…

აღარ ოცნებობენ ნაყინის პლანეტაზე, ცოცხით ფრენაზე, სითბოზე, ვიღაცის თვალებში სამყაროს დანახვაზე… ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბედნიერი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყო, რომ დღეს მზე ანათებს და სულს გითბობს.

ვერ წარმოუდგენიათ ან ამაზე ფიქრი დაავიწყდათ. იმდენად მოსაწყენი გახდა ცხოვრება, ყალბი ურთიერთობები, მატერიალურზე ოცნება, რომ ოცნებებისთვს ადგილი არაა.

ასეთები არიან ყველანი, ბორკილდადებულნი და ჩაკეტილნი!

სიჩუმეს თვითმფრინავის ხმა არღვევს… რამდენი ადამიანი მიფრინავს ახლა ამ დაწყევლილი ადგილიდან? ადგილიდან, სადაც ოცნება დაავიწყდათ? თუმცა, არც სხვაგან მეგულებიან მეოცნებენი… მათ ხომ სასტიკად უსწორდებათ ცხოვრება? ოცნებებს დანგრევა უწერიათ მხოლოდ. ასე გვასწალიან სკოლაში, ასე გვასწავლიან მშობლები, ასე გვასწავლიან მეგობრები. რატომ უნდა იოცნებო შეუძლებელზე?

მარტო იმიტომ, რომ წამით ამ ოცნების ნაწილი ხდები და ბედნიერი ხარ.

მხოლოდ ამიტომ…

მარცხნივ, მთების თავზე ცას სითეთრე შეეპარა… უკვე თენდება, ხვალ – არა, უკვე დღეს – რამდენი საქმეა გასაკეთებელი, რამდენი წვრილმანი სადარდებელი და რამდენი სიყალბე მოსათმენი…

მინდა რომ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს…

კიდევ მეოცნებე ადამიანი მინდა…

მინდა, მასთან ერთად გავფრინდე…

არ მაკმაყოფილებს ეს სამყარო…

სხვა სამყაროში მინდა…

მინდა…