Posts tagged “თავისუფლება

ანონიმ ინტერნეტომანთა კლუბი

გამარჯობა, მე bluekittie ვარ და ინტერნეტომანია მაქვს.

ეს კი ანონიმ ინტერნეტომანთა შეხვედრაა. დასწრება თავისუფალია.

გელით სასიამოვნო ვახშამი სანთლის შუქზე და საუბარი ყველაფერზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული.

ჯერ საკუთარ თავზე გიამბობთ.

სიმპტომები: ეცადეთ, იპოვოთ ჩემი სახლში ყოფნისას წუთი, როცა ფეისბუქზე, სკაიპში, ფორუმზე და კაცმა არ იცის, კიდევ სად არ ვარ – საეჭვოა, მოახერხოთ.

თუ იპოვით, მაშინაც – ოჯახის წევრებთან საუბრისას, ჭურჭლის რეცხვისას, საზამთროს ჭამისას, თავის მოფხანისას, აბაზანაში, “ზალაში”, საძინებელში, – მუდმივად იმაზე ვფიქრობ, როდის დავუბრუნდები ვირტუალურ რეალობას.

ასე, ვზივარ და უსასრულოდ ვაწკაპუნებ refresh ღილაკს.

სახლში ყოფნის არცერთი წუთი არ მემეტება სხვა საქმისთვის – ძილიც კი.

ამას თუ კითხულობ, 97% ინტერნეტომანი ხარ.

შენიშვნა: ამ წამალზე შეჯდომის მიზეზი ყველას თავისი აქვს.

მაინტერესებდა, ჩემნაირი თუ აქვთ.

აღიარება: ინტერნეტომანიით სახლში ყოფნის სიძულვილმა დამაავადა.

საკმარისია, გარეთ გავიდე, რომ ის აღარ მაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხოლოდ ინტერნეტში შემიძლია თავი “სრულფასოვან” ადამიანად ვიგრძნო.

როგორც კი თავს მაღლა ვწევ და ოთახში მიმოვიხედები, გისოსების მეტს ვერაფერს ვხედავ და სული მეხუთება.

მეზიზღება ეს სახლი, მეზიზღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ვალდებულება (დის გარდა), მეზიზღება ყველაფერი, რაც აქაურობასთანაა დაკავშირებული.

ინტერნეტი კი… ოოო ეს ინტერნეტი… ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი თავისუფლება, ბევრი გასართობი, ბევრი ფანტაზია და საშუალება, უსასრულოდ მოკლა დრო…

მეტი რა გინდა ადამიანს, როცა საიდანმე გაქცევა გსურს?

What’s your excuse?

Advertisements

ვერიტაზერუმი უნდა დავლიო

(მაგლების საყურადღებოდ: ვერიტაზერუმი სიმართლის ელექსირია)

ამ წუთას მივხვდი, რამსისქე კედელი მაქვს გარშემო შემოვლებული.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ენა და ამ შემთხვევაში თითები მაქვს დატყვევებული.  ხმის ამოღებაში და ტექსტის აკრეფაში რაღაც უხილავი ძალა მიშლის ხელს.

საერთოდ გალიაში ვცხოვრობ, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ჩემი ერთ-ერთი მიზანი თავისუფლების მიღწევაა, მაგრამ ამისთვის თვითონ უნდა ვიყო ჯერ თავისუფალი და ტვინის გალიიდან გამოვიდე.

რეალურ ცხოვრებაში ეს ალბათ საშიშია, მაგრამ ვირტუალურად მაინც…

ჩემი ვინაობა ხომ თითქმის არავინ იცის…  ან რომც იცოდეს, რა?

რისი მეშინია?

მგონი შიშის გასაქრობადაც მჭირდება რაიმე ელექსირის დალევა. ნახევარპრინცის წიგნს ჩავუჯდები…

მორიგი მაგიური სიმღერა ტივტივებს საფიქრელას ზედაპირზე:

It is the fear that drives you mad
It is the fear that makes you blind
It is the fear that keeps you sad
It is the fear that kills your mind

ეს პოსტი თვითშთაგონებისთვისაა დაწერილი.

საკმარისია თითებზე ბოქლომის დადება და იმაზე ფიქრი, რას იფიქრებენ.

გალიიდან გამოსვლის დროა…

საკმარისია!

დავლევ ახლა ვერიტაზერუმს და გულწრფელი გავხდები!

ვილაპარაკებ იმაზე, რაზეც აქამდე ვდუმდი.

არ შემეშინდება შეცდომების დაშვების.

არ შემეშინდება ამ შეცდომებზე სწავლის.

არ შემეშინდება…

Accio Veritaserum!!!

დავლევ და უშიშრად ვიტყვი: “CONFRINGO!!!”

გავაღწევ გალიიდან!