Posts tagged “ვიკა

Wicca – მაგიური რელიგია

ვიკკა (ასევე ცნობილია, როგორც მაგია, ჯადოსნობა, ხელობა – The Craft)  ნეოპაგანური რელიგიაა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ვიკანები (Wiccans) ან მაგები/ჯადოქრები.

ფესვები

ვიკკას ერთ-ერთი ფუძემდებელია ეგვიპტოლოგი მარგარეტ მიურეი, რომლის ნაწერებმაც ინგლისში – ნორფოლკში, ჩეშირსა და ნიუ ფორესტში პაგანური ჯადოქრობის ხელახლა გაცოცხლებას შეუწყო ხელი 1930-იან წლებში.

რელიგიის პოპულარიზაცია ინგლისში 50-იან წლებში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯადოქრობის 1735 წლის აქტი გაუქმდა. ამ პერიოდში, გადამდგარმა სახელმწიფო მოხელემ, ჯერალდ გარდნერმა (რომელიც “ვიკას მამადაა” ცნობილი) მაგიის საკუთარი ტრადიცია შამოაყალიბა. სწორედ ისაა ვიკკას იდეოლოგიისა და ცერემონიათა უმრავლესობის ავტორი. იმ დროისთვის გარნერი ამ რელიგიას “მაგთა კულტს” ეძახდა და თვითონაც ნიუ ფორესტის ჯადოქართა წრეში იყო ინიცირებული 1939 წელს.

60-იანი წლებიდან რელიგიას ვიკკა დაერქვა. ტერმინი “ვიკკა” (“wicca”) ანგლო-საქსონური ენიდან მოდის და რაღაცის “საკუთარი სურვილით შეცვლას/მოქცევას” ნიშნავს. გარდნერის მტკიცებით, ვიკკა ძველი ჯადოქრობის/მაგიის თანამედროვე გადმონაშთი იყო, რომელიც ასწლეულების განმავლობაში არსებობდა და წინარექრისტიანული წარმართული რელიგიებიდან ჩაეყარა საფუძველი. გარდნერის მრავალი ნაწერი და ინიციაციის პროცედურა მასონებისგანაა გადმოღებული. ვიკკას ხშირად ძველ კელტურ კულტურასთან აიგივებენ, თუმცა  ეს აუცილებლად ასე არაა. დღესდღეისობით ძალიან ცოტაა ცნობილი ძველ ევროპულ რელიგიურ წარმოდგენებსა და ცერემონიებზე. ვიცით, რომ კელტური ჯგუფები ევროპის სხვადასხვა ნაწილში იყვნენ გავრცელებული და ძირითადად ადგილობრივ კულტურასთან საკუთარის სინთეზს მიმართავდნენ, რის შედეგადაც მათი კულტურის დიდი ნაწილი დაიკარგა. გარდნერის და მიურეის ნაშრომები დღეს ეჭვის ქვეშ დგას, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ვიკკას რელიგია მაინც განაგრძობს არსებობას.

ვიკკა ხშირად ნიუ ეიჯის მოძრაობასთანაც ასოცირდება მათ ამჟამად “ტრადიციული მაგიით” დაკავებული სხვადასხვა ჯგუფები უწევენ მეტოქეობას.

ვიკკას მრავალი განშტოება არსებობს რელიგიის სხვადასხვა ინტერპრეტაციით ათეიზმიდან პოლითეიზმამდე, თუმცა მისთვის მაინც ცენტრალურია ნადირობის, სიკვდილისა და მაგიის რქიანი ღმერთი, რომელიც იმ ქვეყანას განაგებს და ქალღმერთი, დიდი დედა, რომელიც ერთდროულად მარადი ქალწული და მომხიბვლელი გრძნეულია. ქალღმერთი ცოცხლებს სიყვარულს, ხოლო მკვდართა სულებს რეგენერაციისა და ხელახლა დაბადების უნარს ანიჭებს. გარდნერის თქმით, ისინი ჯადოქართა ტომების (გაერთიანებების) ღმერთები არიან, ისევე როგორც, მაგალითად, ეგვიპტეში ოსირისი და ისიდა, ებრაელებისთვის კი ელოჰიმი. მისივე განმარტებით, ასევე არსებობს უზენაესი არსება (პირველი მიზეზი), მაგრამ ის შეუცნობელია და მაგთა ცხოვრებისთვის არაა იმდენად მნიშვნელოვანი. ვიკკანების ნაწილი მრავალღმერთიანობას აღიარებს, ნაწილი კი თვლის, რომ ყველა ღმერთი და ყველა ქალღმერთი ერთ ღმერთსა და ქალღმერთშია გაერთიანებული.

არსებობს ასევე დიანური ვიკკა, რომელიც რელიგიის ფემინისტური მიმართულებაა და ქალღმერთის უპირატესობას აღიარებს.

ვიკკას ზოგიერთი მიმდევარი ღმერთებს მხოლოდ სიმბოლოებად აღიქვამს.

დუალიზმი

ვიკკაში დიდ როლს თამაშობს დუალიზმის პრინციპი. ვიკკას ქალღმერთი და ღმერთი მორწმუნეთა უმრავლესობისთვის თანასწორი და ერთმანეთის საპირისპირო არსებები არიან – მამაკაცური და ქალური საწყისები, ძალა და ფორმა. მათი ურთიერთობა და მათ შორის ბალანსია ყველაფრის საფუძველი. ვიკკანები ამ ბალანსს ბუნებაში ხედავენ.

ღმერთი (The God)

ვიკკაში ღმერთი არის უზენაესი არსების მამაკაცური ფორმა, რომელიც ქალღმერთის საპირისპირო და თანაბარია. იგი ძირითადად რქიანი ღმერთის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც მრავალ წარმართულ ევროპულ რელიგიაში ვხვდებით, მაგალითად ბერძნული პანი, რომაული ფაუნუსი, კელტური Cernunnos და ა.შ.

ვიკკური წლის სხვადასხვა დროს მათი ღმერთი სხვადასხვა პიროვნებადაა წარმოდგენილი. ის ხან მუხის მეფეა, ხან კი ბაძგის (ევროპული ხეები), რომელთაგან თითოეული ნახევარ წელიწადს განაგებს. მას ზოგიერთი ვიკკანი მზე-ღმერთადაც ხედავს. ვიკკანების დიდი ნაწილი მათ ღმერთის სხვადასხვა ასპექტებად ხედავენ, ხოლო უმცირესობისთვის ესენი სხვადასხვა ღმერთებია.

ქალღმერთი (The Goddess)

ვიკკას ტრადიციის თანახმად, ქალღმერთი არის სამსახოვანი – ქალიშვილი, დედა და ბებერი კუდიანი (მაგალითი წარმართული რელიგიებიდან – ჰეკატე). მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი-დედის ასპექტია, რომელიც ჯადოქრებს მფარველობს. მას ხშირად მთვარის ქალღმერთადაც ხედავენ.

ვიკკას მიმდევრები თვლიან, რომ  ქალღმერთში ისახება და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი. ის მოიცავს ყველაფერს ცოცხალს. ზოგიერთი ვიკკანისთვის ეს იდეა ანიმიზმთანაა დაკავშირებული. მათთვის მცენარეები, მდინარეები, ქვები (განსაკუთრებით სარიტუალო ქვები) ცოცხალი არსებები, სიცოცხლის მატარებლები არიან.

ღმერთის და ქალღმერთის სახელები ვიკკაში განზრახ უცნობია და არც გარდნერის ნაშრომებში წერია ამაზე პირდაპირ რამე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მათი სახელებია Cernunnos და Aradia. გარდნერისეული ვიკკა ძირითადად ქურუმის ან ქურუმი ქალის ღმერთთან და ქალღმერთად ურთიერთობითაა დაინტერესებული. ქალბატონი და ბატონი (the Lady and the Lord) მთავარი კოსმიური არსებები, უსაზღვრო ძალის წყარონი არიან. მათ ასევე ხედავენ, როგორც მზრუნველ ფიგურებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ეხმარებიან და ამშვიდებენ, ხშირად კი გამოიწვევენ და  საყვედურობენ კიდეც. ყველა ქურუმს ინდივიდუალური დამოკიდებულება და ურთიერთობა აქვს ღმერთებთან, რაც საკუთარ თავზე მუშაობითა და ხილვებით.

ვიკკას მიმდევრებისთვის ღმერთის/ღმერთების სახე და ფორმა ინდივიდუალური საკითხია. მათთან ურთიერთობაც სხვადასხვანაირად ხდება, მაგალითად, სიზმრებით, ხილვებით, ქურუმთა საშუალებით და ა.შ. ამისთვის მათ სპეციალური რიტუალებიც გააჩნიათ, რომლებითაც ისინი ღმერთებს იძახებენ და დროებით ქურუმის სხეულში სახლდებიან. რიტუალს “მთვარის (ან მზის) მიზიდვა” ჰქვია (Drawing down the Moon/Sun).

ორგანიზაცია

ვიკკანები ხშირად ჯგუფებად იკრიბებიან (covens). თითოეულ ჯგუფს საკუთარი იდეოლოგია აქვს ჩამოყალიბებული და ჯგუფის შეცვლის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება საკუთარი რწმენის სისტემის შეცვლა მოუწიოს. მაგალითად, ერთ ჯგუფს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ღმერთები ენერგიები არიან, სხვისთვის კი ისინი პირდაპირი გაგებით ინდივიდუალები იყვნენ. ზოგიერთს ბერძნული ღმერთები იზიდავს, ზოგს მაიას ან სხვა რომელიმე კულტურის ღმერთები.

ვიკკანთან ჯგუფს მართავენ ქურუმები. ისინი ძირითადად წყვილები არიან, რომელმაც ინიციაციის სამივე საფეხური გაიარა. ადამიანს, რომელიც  ინიციაციის მე-3 საფეხურს მიაღწევს და ქურუმი გახდება, შეუძლია ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის მიხედვით, თუ ისინი ამჟამინდელი ჯგუფისგან განსხვავდება. მას ასევე შეუძლია რიტუალის საკუთარი ინტერპრეტაციის გაკეთება.

ჯგუფის წევრების იდეალურ რაოდენობად 13 სახელდება, მაგრამ ეს წესი ყოველთვის არაა დაცული, წევრები შეიძლება მეტნიც იყვნენ და ნაკლებნიც. არსებობს ჯგუფები, რომლებიც ძალიან იზრდებიან და შემდეგ იშლებიან რამდენიმე ჯგუფად, მაგრამ კავშირს არ წყვეტენ.

ვიკკას წრეში ინიციაციის გასავლელად საჭიროა 1 წლით და 1 დღის ლოდინი. ამ დროის განმავლობაში ხდება რელიგიის შესწავლა, ინიციაციამდე ცოტა ხნით ადრე ზოგიერთ რიტუალზე დასწრება და ა.შ.

არსებობენ ვიკკანები, რომლებიც არცერთ ჯგუფს არ განეკუთვნებიან. ისინი თვითინიციაციას გადიან და ამისთვის 1 წელი და 1 დღე ემზადებიან. ზოგიერთი ვიკკანი შეკრებებს ესწრება, მაგრამ თავიანთ პრინციპებს (თაყვანისცემა, შელოცვები და ა.შ.)  განმარტოებით იცავს.

რეინკარნაცია

ვიკკანების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვიკკა “მისტიკური აგნოსტიციზმის” ფორმაა, სადაც თაყვანისცემის საგანი უცნობია და ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თაყვანისცემის ფორმა. ამ უკანასკნელს ვიკკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სიკვდილის შემდეგ სულის ხელახლა დაბადება – რეინკარნაცია ვიკკას ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. მისი მიმდევრების შეხედულებით, დედამიწა ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანის სულს ცხოვრება ძალუძს. ამიტომაც ვიკკანები საკუთარ თავს დედამიწის რელიგიად თვლიან, არამარტო იმიტომ, რომ ის ქალღმერთის განსახიერებაა, არამედ იმიტომ, რომ მათი სული სხვაგან ვერსად წავა.

ბუდიზმის ან ჰინდუიზმისგან განსხვავებით, ვიკკას მიზანი რეინკარნაციის დაუსრულებელი წრისგან გათავისუფლება არაა.

საინტერესოა ისიც, რომ ვიკკანები საკუთარ თავს ადრე მცხოვრები ჯადოქრების რეინკარნაციებად მიიჩნევენ, თუმცა არა ყოველთვის. ასეთი შეხედულება ვიკკანებში უნივერსალური არაა, მაგრამ ფართოდაა გავრცელებული. საერთოდ, ვიკკა საკმაოდ ახალი რელიგიაა და ჯერ კიდევ ვითარდება.

ვიკკანები სპირიტუალურ სეანსებსაც ატარებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სიკვდილიდან რეინკარნაციამდე სული ცხოვრობს სხვა სამყაროში (Otherworld/Summerland).

მაგია

ბევრ ვიკკანთა უმრავლესობას სჯერა მაგიის – ძალის, რომელსაც შეუძლია რაღაც შეცვალოს ჯადოქრობის გამოყენებით. მრავალი მათგანი ეთანხმება ცერემონიული მაგების, მაგალითად ალისტერ კროულის შეხედულებებს, რომ მაგია არის “სურვილით გამოწვეული ცვლილების მეცნიერება და ხელოვნება”. სხვა მაგები მიიჩნევენ, რომ მაგია “მეცნიერებაა ბუნების საიდუმლო ძალების კონტროლის შესახებ”.

ვიკკანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაგია ბუნების კანონია, თანამედროვე მეცნიერების მიერ ცუდად გაგებული და იგნორირებული. შესაბამისად მათთვის მაგიაში ზებუნებრივი არაფერია, ეს მხოლოდ ძალებია, რომლებიც ბუნებაში არსებობენ.

ზოგიერთ ვიკკანისთვის მაგია 5 გრძნობის მაქსიმალურად გამოყენება და საოცარი შედეგების მიღწევაა, ხოლო სხვები აღიარებენ, რომ არ იციან, როგორ მოქმედებს მაგია, მხოლოდ უნახავთ მისი შედეგები და ამიტომაც სჯერათ.

ვიკკას მიმდევრები იყენებენ შელოცვებს თავიანთი რიტუალების დროს, რომელთაც მაგიურ წრეში წარმოთქვამენ და ცდილობენ, სურვილის ძალით შეცვალონ რაღაც ფიზიკურ სამყაროში. ასეთი შელოცვები ძირითადად სამკურნალო, დამცავი, ნაყოფიერებისა და ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევის საშუალებებია. ზოგიერთი მიმდევარი მას “თეთრ მაგიასაც” უწოდებს და “შავი მაგიისგან” განასხვავებს, როცა სხვანი ასეთი დიქოტომიის წინააღმდეგნი არიან.

მორალი

ვიკკას რელიგიას უნივერსალური დოგმები – მორალური ან ეთიკური კოდექსი – არ გააჩნიათ. თუმცა, მათი უმრავლესობა Wiccan Rede-დ ცნობილ კოდექსს მისდევს, რომელიც ამბობს “გააკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ არ ავნო სხვას”. ვიკკაში ასევე სამმაგი უკანმობრუნების კანონი (Law of Threefold Return) არსებობს, რომლის თანახმადაც ნებისმიერი საქმე ჩამდენელს სამმაგი ძალით მოუბრუნდება უკან, ან იმავე ძალით 3 დონეზე – სხეულის, გონების და სულის. ორივე კანონი გარდნერის შემოტანილია.

არსებობს ვიკკას სხვა წესებიც, რომლებსაც ამ რელიგიის მიმდევრები იცავენ ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

ელემენტები

ვიკკას რელიგიაში დიდ როლს თამაშობენ კლასიკური ელემენტები ანუ სტიქიები – მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. ელემენტების ზუსტ ბუნებაზე ერთი აზრი არ არსებობს. ამ ელემენტებს ხშირად მეხუთე , კვინტესენციური ელემენტი – სული ემატება (ზოგიერთისთვის ეთერი, აკაშა). შედეგად, ვიკკაში უმნიშვნელოვანესი სიმბოლო არის სწორი პენტაგრამა, რომელიც სხვა მნიშვნელობებთან ერთად ოთხ ელემენტსა და მასზე მყოფ სულსაც განასახიერებს. პენტაგრამა ასევე ადამიანის – მიკროსამყაროს სიმბოლოა.

პენტაგრამა თანამედროვეობაში ყველაზე ხშირად სწორედ ვიკკასთან ასოცირდება და ძირითადად წრეში ჩასმული გამოისახება. ამოტრიალებული პენტაგრამა ტრადიციული ვიკკას მეორე ხარისხის ინიციაციის რიტუალის სიმბოლოა.

გეომეტრიაში პენტაგრამა ოქროს კვეთას გამოსახავს და ხშირად იდეალურ სილამაზესთან ასოცირდება. პითაგორას მიმდევრებისთვის ის არსებობის მრავალ საიდუმლოს შეიცავდა.

რიტუალებში ვიკკანები ხშირად  იყენებენ მაგიურ წრეს – 4 ელემენტის ვიზუალიზაციითა და ჰორიზონტის თითოეული მხარისთვის მათი მიკუთვნებით: აღმოსავლეთით ჰაერი, სამხრეთით ცეცხლი, დასავლეთით წყალი და ჩრდილოეთით მიწა. სხვადასხვა ჯგუფებს მათი საკუთარი ვარიაციები აქვთ, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც ჩრდილოეთითაა ტროპიკები და ცეცხლის ელემენტს შესაბამისად ჩრდილოეთს მიაკუთვნებენ.

პრაქტიკა

ნეოპაგანმა მკვლევარმა და უმაღლესმა ქურუმმა მარგო ადლერმა რიტუალი შემდეგნაირად განსაზღვრა: “ინვიდივიდუალებისა და ჯგუფების კოსმოსში რეინტეგრაციის ერთ-ერთ მეთოდი იმისთვის, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება ხშირად დავიწყებულ და მუდმივად არსებულ მნიშვნელობას დაუკავშირდეს”. მისი თქმით, ბევრი მიმდევარი ღმერთებსა და სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ “ხელობის” მიმდევარია მისი რიტუალების გამო, რომლებშიც “სილამაზე, მუსიკა, ცეკვა და ოცნება ერწყმის ერთმანეთს”.

რიტუალები

ვიკკანებს მრავალი რიტუალი გააჩნიათ, რომლებიც დღესასწაულებთან, ღმერთების თაყვანისცემასთან და მაგიასთანაა დაკავშირებული. მათი განხორციელება ხშირად სავსე მთვარისას ხდება, ან ზოგიერთ შემთხვევაში ახალი მთვარისას და ასეთ შეხვედრას Esbat-საც ეძახიან.

ტიპიურ რიტუალებში ჯგუფი ან განმარტოებული ვიკკანი რიტუალურად შექმნილ და განწმენდილ მაგიურ წრეში შედის. ამაში შეიძლება შედიოდეს  ჰორიზონტის მხარეებისა და სტიქიების “მცველების” გამოძახება. წრის შექმნის შემდეგ ხდება სეზონური რიტუალის ჩატარება, ლოცვა ან ღმერთის თაყვანისცემა. ამ რიტუალებისთვის გამოიყენება სპეციალური მაგიური იარაღები – რიტუალური დანა ანუ ატამე (athame), ჯადოსნური ჯოხი, პენტაკლეა და ფიალა, ზოგჯერ ჯადოსნური ჯოხი, ქვაბი, სანთლები და ა.შ.

წრეში, როგორც წესი, არის საკურთხეველი, სადაც წარმოდგენილია ღმერთის და ქალღმერთის სიმბოლოები. წრეში შესვლამდე ზოგიერთი მიმდევარი მარხულობს ან რიტუალურ ბანაობას აკეთებს. რიტუალის შემდეგ ხდება ღმერთის, ქალღმერთისა და მცველებისთვის მადლობის გადახდა და წრე იხურება.

ვიკკას სენსაციად აღიარებული ასპექტი, განსაკუთრებით გარდნერისეულ და ალექსანდრესეულ ვიკკაში არის რიტუალების შიშველ მდგომარეობაში ჩატარების პრაქტიკა, ანუ skyclad. სხვა ტრადიციებში მიღებულია წელზე თოკით შეკრული მანტიები ან ყოველდღიური ჩაცმულობა. ზოგიერთ ტრადიციაში არსებობს სექსუალური მაგია – “დიდი რიტუალის” სახით , რომლის დროსაც უმაღლესი ქურუმი და ქურუმი ქალი იძახებენ ღმერთს და ქალღმერთს, რომ დროებით ჩასახლდნენ მათ სხეულებში, ხოლო შემდეგ სექსუალური კავშირის შედეგად წარმოქმნილ მაგიურ ენერგიას შელოცვისთვის იყენებენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მხოლოდ სიმბოლურად კეთდება, ატამეთი და ფიალით.

ვიკკაში მრავალი გარდაქმნის რიტუალია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ინიციაციაა, რომლის დროსაც ადამიანი ვიკკანი ხდება.

ბრიტანული ტრადიციული ვიკკას (BTW) ტრადიციების თანახმად და გარდნერის მიხედვით, ინიციაციამდე კანდიდატმა 1 წელი და 1 დღე უნდა მოიცადოს, თუმცა თვითონ ხშირად არღვევდა ამ წესს. BTW-ს თანახმად, ინიციაციის შემდეგ ადამიანი შედის პირველ საფეხურზე. მეორე საფეხურზე გადასასვლელად სხვა რიტუალის გავლაა საჭირო, რომელშიც სარიტუალო იარაღები და მათი მნიშვნელობა/გამოყენება უნდა აღწეროს. ამ ცერემონიაზე ხდება ასევე მაგიური სახელის მინიჭება. მეორე ხარისხის მფლობელს შეუძლია სხვისი ინიციაცია მოახდინოს ჯგუფში ან საკუთარი ნახევრად-ავტონომიური ჯგუფი დააარსოს. BTW-ში მესამე ხარისხი ყველაზე მაღალია და მის მისაღწევად საჭიროა “დიდი რიტუალის” (სიმბოლურის ან ნამდვილის) გავლა, ისევე, როგორც რიტუალური გაროზგვა. ამ რანგის ვიკკანს შეუძლია საკუთარი ავტონომიური ჯგუფის დაარსება.

სხვა ტრადიციებში ზოგჯერ ხარისხები არაა გამოყოფილი ან ხდება თვითინიციაცია.

ვიკკანებს საკუთარი ქორწინების ცერემონია აქვთ, რომელსაც Handfasting  ჰქვია. რელიგიაში ეს და სხვა მრავალი რიტუალი არსებობს, რომელშიც ვიკკანი თავისი ცხოვრების განმავლობაში იღებს მონაწილეობას.

წლის ბორბალი (The Wheel of the Year)

ვიკკანები წელიწადში რამდენიმე სეზონურ ფესტივალს აღნიშნავენ, რომლებიც შაბაშის სახელითაა ცნობილი. ამ დღესასწაულების ერთობლიობას წლის ბორბალს ეძახიან. ბევრი ვიკანი, მათ შორის გარდნერის მიმდევრები და ეკლექტიკოსების უმრავლესობა აქედან 8 შაბაშს ზეიმობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათი რიცხვი 4 ან 6-ია.

4 დიდი შაბაში არის Candlemass, May Eve, Lammas და Halloween, ხოლო 4 მცირე – ბუნიობები.

დღესასწაულების მოკლე დახასიათება:

Samhain ანუ Halloween – 31 ოქტომბერი; ფესვები: კელტური პაგანიზმი; ასოციაციები: სიკვდილი და წინაპრები

Yuletide – 21 ან 22 დეკემბერი; ფესვები: გერმანიკული პაგანიზმი; ასოციაციები: ზამთრის ბუნიობა და მზის ხელახლა დაბადება

Imbolc, ანუ Candlemas – 1 ან 2 თებერვალი; ფესვები: კელტური პაგანიზმი; ასოციაციები: გაზაფხულის მოსვლის პირველი ნიშნები

Ostara – 21 ან 22 მარტი; ფესვები: გერმანიკული პაგანიზმი; ასოციაციები: გაზაფხულის ბუნიობა და მისი დასაწყისი

Beltaine ანუ May Eve, ან May Day – 30 აპრილი ან 1 მაისი; ფესვები: კელტური პაგანიზმი; ასოციაციები: გაზაფხულის სრული ყვავილობა, ფერიები

Litha – 21 ან 22 ივნისი; ფესვები: სავარაუდოდ ნეოლითის ხანა; ასოციაციები: ზაფხულის ბუნიობა

Lughnasadh ანუ Lammas – 1 ან 2 აგვისტო; ფესვები: კელტური პაგანიზმი; ასოციაციები: მარცვლეული მოსავლის აღება

Mabon ანუ Modron – 21 ან 22 სექტემბერი; ფესვები: წარმართული ექვივალენტი არ აქვს; ასოციაციები: შემოდგომის ბუნიობა, ხილის მოსავლის აღება

ვიკკანები და ქრისტიანობა

მიუხედავად სატანიზმისგან არსებითი განსხვავებებისა (მაგ. რელიგიაში არ არსებობს სატანის ფიგურა),  ქრისტიანები ვიკკას ხშირად სატანიზმად თვლიან. ვიკკა ქრისტიანულ ქვეყანაში წარმოიშვა და ასეთ ქვეყნებში ჰყავს სწორედ მიმდევართა უმრავლესობაც. შედეგად ამ რელიგიის მიმდევართა უმრავლესობა საკუთარ რწმენას მალავს და მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უმხელს ამ ამბავს, რასაც “ცოცხების საკუჭნაოდან გამოსვლას” ეძახიან.

ვიკკანებს ანტი-ქრისტიანულ შეხედულებებსა და მოქმედებაში ადანაშაულებენ, რასაც ზოგიერთი ვიკკანი, მაგალიათად დორიინ ვალიენტე შემდეგნაირად პასუხობს: “ჯადოქრები დოქტრინებსა და ეკლესიებს ნაკლებად სცემენ პატივს, რადგან ადამიანთა მიერ შექმნილ დოგმებად მიაჩნიათ.” ამერიკაში ვიკკანთა სტატუსი კანონითაა დაცული, თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და რელიგიური ორგანიზაცია მათ მტრულად ეკიდება.

Advertisements