ფენტეზის კოშკი

ფენტეზი, ნიკოლას ფლამელი და აგენტი oo7

მაგიით დაინტერესება ხშირად ფენტეზის ჟანრის წიგნების კითხვით იწყება.

 

 

 

აი, რატომ იწყებს მმკ თავპირის მტვრევას, როცა ჰორიზონტზე ამ ჟანრის პოპულარული წიგნი გამოჩნდება ხოლმე. და მაინც,მიუხედავად “ჯადოქრული ლიტერატურის” მრავალჯერადი შეჩვენებისა, “სატანისტები” საქართველოში ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას მაინც ვკითხულობთ.

 

 

 

ფენტეზი ის ჟანრია, რომელიც ამ სამყაროსგან მოწყვეტის და ოცნებებში გადაშვების საშუალებას გაძლევს, სადაც ყველა ჯადოსნური არსება, რაც კი ოდესმე გაგიგია, რეალურია.

აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც რეალურ სამყაროში შეუძლებლად ითვლება. ფანტაზია სატანური კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა.

სხვანაირი გარემოს მიუხედავად, ფენტეზის ჟანრის წიგნების პერსონაჟები ხშირად ისეთივე ადამიანურნი არიან, როგორც ჩვენ – ჩვენსავით სტკივათ, უხარიათ, იბრძვიან, უყვართ…

 

 

 

ამბობენ, ფენტეზი ბავშვებისთვისააო.

ე კი ვამბობ, რომ ფენტეზი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩათ ჩარჩოების გარეშე ოცნების ნიჭი.

 

მათთვის, ვისთვისაც ნაცრისფერ ყოველდღიურობას ვერ დაუკარგვინებია სპილოგადაყლაპული გველის დანახვის უნარი.

 

 

 

 

 

 

 

ერთი სიტყვით, ეს ჟანრი ყველასთვისაა, ვის გულშიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ცნობისმოყვარე და სამყაროსთვის ფართოდ გახელილი თვალებით მომზირალი მეოცნებე ბავშვი.

 

 

 

რამდენიმე თვის წინ ფენტეზის ჟანრის ახალი სერიის კითხვა დავიწყე. ესაა ირლანდიელი მწერლის, მაიკლ სკოტის The Secrets of the Immortal Nicholas Flamel.

 

 

 

სერია სულ 6 წიგნისგან შედგება:  The Alchemyst, The Magician , The Sorceress, The Necromancer, The Warlock (გამოვა 2011 წელს) და The Enchantress (2012).

 

 

 

ამ წიგნებს პირველ რიგში მრავალი ქვეყნის მითოლოგიის გამოყენებისა და არანაკლები რაოდენობის ისტორიული პერსონაჟის არსებობის გამო ვკითხულობ. წიგნის პერსონაჟები არიან, მაგალითად: ჰეკატე, ბასტეტი, მაკიაველი, შექსპირი, ჟანა დ’არკი, მარსი, პალამედე, გილგამეში,  პრომეთე, სფინქსი და ა.შ.

 

 

 

საინტერესოა ასევე მოქმედების ფართო არეალი: სან-ფრანცისკო და ამერიკის სხვა ადგილები, პარიზი, ლონდონი, სხვა სამყაროები…

 

 

 

ცენტრში კი სოფი და ჯოში – ტყუპები სუფთა ოქროსფერი და ვერცხლისფერი აურებით, რომლებიც წინასწარმეტყველების მიხედვით სამყაროს გადაარჩენენ ან გაანადგურებენ მას.

 

 

 

სოფი და ჯოშ ნიუმენები 15 წლის ტყუპები არიან, რომლებიც ერთ მორიგ ზაფხულს დეიდასთან ატარებენ და თან მუშაობენ (სოფი კაფეში, ჯოში კი ნიკოლას ფლემინგის წიგნების მაღაზიაში). სულ მალე დოქტორი ჯონ დი-ს გამოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ჩვენი გმირები თავბრუდამხვევ მოგზაურობას იწყებენ კონტინენტიდან კონტინენტზე და სხვა სამყაროებში, შეხდებიან უამრავ ჯადოქარსა თუ მითოლოგიურ არსებას, შეისწავლიან ელემენტალების მაგიებს და გამოცდის წინაშე დააყენებენ ყველაზე დიდ რამეს, რაც გააჩნიათ – ერთმანეთისადმი ერთგულებას.

 

 

 

ნიკოლას და პერენელ ფლამელები კი მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე მათ გვერდით იქნებიან და მრავალ პასუხთან ერთად მრავალ კითხვას გაუჩენენ ტყუპებს.

 

 

 

ჯონ დი (Dr. John Dee) – წიგნის მთავარი ანტაგონისტი – ელისაბედის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული პიროვნებაა – ოკულტისტი, ალქიმიკოსი, მათემატიკოსი, გეოგრაფი, ასტროლოგი და ასტრონომი.

 

 

 

სწორედ მან აირჩია ელისაბედ I-ს კორონაციის თარიღი და პირველი აგენტი 007 გახლდათ. ჯონ დი კოდირებულ გზავნილებს ასე აწერდა ხელს: “oo7” – სადაც ინგლისური ასოებით დაწერილი oo დედოფლის თვალებს წარმოადგენდა (დი დედოფლის თვალების როლს ასრულებდა), ხოლო 7 მის პერსონალური ნიშანს.

 

ვინც წიგნის დაგემოვნება გადაწყვიტა, მისი პირველი ნაწილით გავუმასპინძლდები (ინგლისურ ენაზეა): The Alchemist.

ჯადოსნურ მოგზაურობას გისურვებთ


ბურბურახი, ბუები და შოკოლადის ბაყაყები ანუ ჰარი პოტერის სამყარო ფლორიდაში

ვერც კი წარმოვიდგენ, რა გრძნობაა, როცა შენი ოცნების სამყაროში რეალურად ხვდები.

სამწუხაროა, რომ ამით მანიპულირებენ ხოლმე – ოცნება ძვირი ღირს. თუმცა რას იზამ, შენი ოცნება სხვის ოცნებაზე – ფულზე უნდა გაცვალო.

ფლორიდაში ცოტა ხნის წინ ჰარი პოტერის გასართობი პარკი გაიხსნა, სადაც ყველა ჭეშმარიტ პოტერისტს და არამარტო მას ბევრი სიურპრიზი, გართობა და მცირე ხნით სხვა სამყაროში მოხვედრა ელის.

ჰიპოგრიფისა და დრაკონის roller-coaster-ები,  ტკბილეულითა და უამრავი საინტერესო ნივთით სავსე ზონკოს და თაფლუჭის მაღაზიები.

აქ სხვა რამეებთან ერთად ჯადოსნური ჯოხების, შოკოლადის ბაყაყების, ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტების და სნიკოსკოპების ყიდვაც შეიძლება.

გარეთ ბურბურახის ჩამოსასხმელ აპარატთან რიგები დგას (სხვათა შორის, ამ სასმელის 5 საბოლოო ვარიანტიდან ჯოან როულინგმა ამოარჩია “ის” ბურბურახი, რომელიც საკუთარი ფანტაზიით შექმნა თავის დროზე – რა უცნაურია, როცა საკუთარ ფანტაზიას აგემოვნებ). ალკოჰოლური ბურბურახის მსურველებმა “ღორის თავში” უნდა შეიარონ 😛

არც გოგრის წვენის, შოკოლადის ქვაბის ფორმის ნამცხვრის და სხვა ტკბილეულის მოყვარულებს დაწყვეტენ გულს.  

წიგნებიდან ნაცნობი მაღაზიების გარდა აქ უამრავი სხვა მაღაზიაა, სადაც ჰარი პოტერთან დაკავშირებული ყველანაირი ნივთის ყიდვა შეიძლება.

ცოტას გაივლი და საბუეს წააწყდები – როგორ მინდა, ბუ მყავდეს!

ამდენი მაღაზიის გავლის შემდეგ კი ბოლოსდაბოლოს ჰოგვორტსის ნამდვილად ჯადოსნურ ციხესიმაგრეს მიადგები. Harry Potter and the Forbidden Journey გზაა, რომლის გავლისას ციხესიმაგრეში უამრავ ნაცნობ ადგილს, არსებას, ფილმისა თუ წიგნის სცენას ნახავ.

ნაცნობი ადგილები თუ საგნები არც პარკშია იშვიათობა, მაგალითად ჰაგრიდის ქოხი და ფორდ ანგლია.

ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე მრავალიცხოვანი ჰარი პოტერის საიტის, Leaky-ს გუნდის ვიდეოს გთავაზობთ, რომელიც მათ ჰარი პოტერის სამყაროში სტუმრობისას გადაიღეს:

პირველ ნაწილში პარკში შეგიყვანენ და სხვა რაღაცებთან ერთად საბუეს და ბურბურახის დაგემოვნებას გაჩვენებენ.

მეორე ნაწილში კი შოკოლადია ბაყაყებს და თაფლუჭის მაღაზიას ნახავთ და ჰიპოგრიფზეც გაისეირნებთ.

(ერთ-ერთი გოგოს ბუ-ყელსაბამზეც დამრჩა თვალი :-S )

იმედია, ამ ოცნების საყიდელი ფული მეც მექნება ოდესმე ^_^