საფიქრელა

9 000 დღის შემდეგ

დღეს დაფიქრდი, რომ 9 000 დღეზე მეტია ამქვეყნად ვარსებობ, უფრო სწორად, ამ სახით, თორემ ვინ იცის, რამდენი ხანია დაწოწიალობს ჩემი ენერგეტიკა ამ პლანეტაზე, განზომიერებაში ან სამყაროში…

ცხოვრებაში ძილის ეტაპი არსებობს და არსებობს ეტაპი, როცა იცი, რომ გამოღვიძება იწყება – საოცარი კანონზომიერებები და მხოლოდ შენთვის გასაგებ ენაზე მოწოდებული ნიშნები.

Awakening ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ძილ-ბურანია – როცა აღარ გძინავს, მაგრამ არ გღვიძავს – მატერიალური მაინც თავისკენ გექაჩება და შენს ჩათრევას ცდილობს.

არა, კიდევ ბევრი რამა უცნაური:

– როგორ იღვიძებ შენ და როგორ იღვიძებენ სხვები – ზოგს ძალიან მკვეთრი შენჯღრევა სჭირდება, ზოგიც მშვიდად და ნელა გამოდის ძილ-ბურანიდან.

– შიში იმისა, რომ ამ ძილ-ღვიძილს ვერასდროს დააღწევ თავს. სურვილი, დაინახო, გაიგო და იგრძნო მეტი. სამყაროს უსასრულობა და ამავდროულად იმის შეგრძნება, რამდენად პატარაა ის – სამყარო ხომ “შენ” გარეშე არ არსებობს – რეალურად ის იქ მთავრდება, სადაც შენი აღქმა.

ანუ მთლად უსასრულოც არ ყოფილა სამყარო – უფრო სწორად, მხოლოდ უსასრულოებისთვისაა უსასრულო, უფრო სწორად, მათთვის, ვინც საკუთარ უსასრულობას ჩაწვდა.

რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ აღიქვა საკუთარი და იმავდროულად სამყაროს უსასრულობა – ეს კითხვა თავისთავად მცდარია, თუმცა უნებურად მაინც ვუსვამ ხოლმე თავს.

კითხვები არ ილევა, თითოეული პასუხი მეტ კითხვას აჩენს და ასე გრძელდება…

იყო საღამო, იყო დილა, ცხრა ათას მერაღაცე დღე…

awakening(2)


ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია

რა ხდება მაშინ, როცა აღამოაჩენ, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გეია? რომ თურმე შენი არცთუ ახლო, მაგრამ მაინც მეგობრებიდან (და არა უბრალოდ ნაცნობებიდან), რამდენიმეს საკუთარი სქესის წარმომადგენლები იზიდავს?

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მორალური ჭუჭრუტანიდან ყურებას რომ თავი დავანებოთ და კარში თამამად შევიდეთ, ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რასაც შორიდან ვერც შევამჩნევდით. პირველ რიგში, მათი დათრგუნულობა მოგვხვდება თვალში (რომელიც მიმალულია, მაგრამ აუცილებლად არსებობს). ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ სხვაა, ამ ყველაფერს იმ ადამიანში ხედავ და გრძნობ, რომელიც სულერთი არაა.

სიბრაზე მეუფლება, როცა ვიცი, რომ სამყაროსთვის ეს კომუნიკაბელური, საყვარელი, ჭკვიანი და მხიარული ადამიანი შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაიქცეს საზიზღარ და დასაცინ არსებად, ან უფრო უარესი, „ავადმყოფად“, ადამიანად, რომელსაც შველა სჭირდება. რისთვის?

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ახერხებენ ისინი ამ გრძნობასთან გამკლავებას – როცა მუდმივად საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო, სადღაც კუნჭულში მიმალო და მასზე ჩურჩულით ისაუბრო…

სასიამოვნო და ამავე დროს გულში მჩხვლეტავი შეგძნებაა, როდესაც მეგობრის თვალებში უდიდეს შვებას დაინახავ, როცა ის შენთან პირველად იქნება ბოლომდე გულწრფელი. მჩხვლეტავი იმიტომ, რომ გახსენდება, რამდენად რთულია საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში ცხოვრება. როცა წარმოიდგენ, რომ გიორგი ვერ გაივლის ქუჩაში საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული (ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში), ვერ ეტყვის სამყაროს, როგორ უყვარს ის. ნიღაბს ყველა ატარებს, მაგრამ არა ამსიმძიმეს.

კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა სამ ბიჭთან ერთად დგახარ და იცი, რომ აქედან ორს ბიჭები მოსწონს, ამ დროს კი მესამე ბიჭი აღშფოთებით საუბრობს ჰომოსექსუალიზმზე და არც იცის, რომ გვერდით მისთვის “ამაზრზენი არსებები“ უდგანან, რომელთაც “თავს გაუხეთქავდა“, შანსი რომ მისცემოდა. არადა, უმეცრებაში მყოფი მშვენივრად ატარებს მათთან ერთად დროს.

როგორ მინდა, ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს და სხვისი ორიენტაციის, ცხოვრების სტილისა თუ აზრის დევნას თავი დაანებოს. მინდა, რომ ოდესმე გიორგიმ საყვარელ ადამიანთან ერთად ქუჩაში ისევე გაიაროს, როგორც დღეს შეყვარებული წყვილები დადიან, და ეს არავის აინტერესებდეს.

ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია!


ცოტაოდენი სითბო

იყო დილა, იყო საღამო, პირველი ღამე…

თბილი, არანორმალური და ბავშვური…

keep waiting and craving for more…

სითბო, რომელსაც ადამიანის თვალებში ხედავ… იმ მომენტში, როცა თავში ქაოსია… და ეს გამოხედვა ყველაფერს გავიწყებს – გავიწყებს დარდებს, სევდებს, საკუთარ არარაობას და გონებაში მიმდინარე საბრძოლო ბატალიებს… მომენტალურად ყველაფერი ყუჩდება, სიჩუმე ჩამოწვება და თავს პირველად გრძნობ მშვიდად…

გინდა გააჩერო წამი, საათი, ღამე – რატომ უნდა ამოვიდეს მწველი მზე, რატომ უნდა გაიღვიძოს სულგაყინულმა ქალაქმა და რატომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი ვითომ არაფერი…

იქნება დილა, იქნება საღამო, მეორე ღამე…

ისევ ის სიგიჟე, არანორმალური სითბო და წამიერი, წუთიერი თუ საათობრივი standby გონებაში… და ისევ ვითომ არაფერი…

დილას მოდევს საღამო, კვირა, თვე, იყინება მზე, წვიმს სევდა და თვალწინ ტრიალებს კადრები… გონების მაშინდელი გათიშვა მოგვიანებით error-ს აგდებს და ამ კადრებს ატრიალებს დღედაღამ…

ისევ იმედგაცრუება…

რა საჭირო იყო ან იმედი?

იმედი სულელებს აქვთ მხოლოდ…

ამ სისულელით სავსეა დედამიწა და ჯადოსნური ციხესიმაგრე…

And I watch how the beauty dies…

ლაბირინთი გასასვლელის გარეშე, უმიზნო ხეტიალი არსაით…

მორიგი სიკვდილი და ხელახლა დაბადება…


უფრთხილდი სიტყვას!

როგორ შეიძლება, სამმა სიტყვამ დამბლა დაგცეს, ადგილზე გაგყინოს, სული შეგიხუთოს და გული არანორმალურივით აგიძგეროს?

მაშინ, როცა ამ სიტყვების ავტორი არც კი მოგწონს?

მაშინ, როცა ეს რეალობაშიც კი არ ხდება – როდის აქეთ შეუძლია ვირტუალურ საუბარს ამდენი?

მაშინ, როცა იცი, რომ ამ სიტყვებს იმსახურებდი და ისიც იცი, რატომაც გეუბნება ის მათ.

მაშინ, როცა საუბრის დასრულებიდან ნახვარი საათის შემდეგაც თავიდან არ ამოგდის…

მერე იტყვიან, სიტყვებს მაგიური ძალა არ აქვთო…

თან ისეთ უბრალო სიტყვებს, ტყუილად რომ ვფანტავთ ხოლმე აქეთ-იქით ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს…

ამიტომ… უფრთხილდი სიტყვას! იცოდე, როგორ გამოიყენო და ისიც იცოდე, რომ შეიძლება სხვას იგივე გაცვეთილი ფრაზა ვერაფერში გამოადგეს, შენ კი მისი საშუალები მთები გადადგა.

უბრალოდ, მისი გამოყენება უნდა ისწავლო.



მინდა თუ არ მინდა?

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი…

არ ვიცი, მოგიახლოვდე, თუ ეს ყველაფერი იისფერ ფანტაზიად დავტოვო…

მინდა რეალური იყო, თან მეშინია, ნისლივით არ გამეფანტო…

მინდა, მიყვარდე და თან მეშინია…

მეშინია, არ მეტკინოს.

რატომ ვარ ასეთი მშიშარა?

მინდა, ფიქრი შევწყვიტო.

მინდა ვერაფერი ვიგრძნო და ცოტა ხნით უსასრულობის ნაწილი გავხდე.

ან დიდი ხნით…


ზემოდან ვიღაც მაგრად გვეკაიფება

ეს ფიქრი დიდი ხანია მაწუხებს.

წარმოიდგინეთ, რა სასაცილოა ზემოდან 6 მილიარდზე მეტ ჰუმანოიდზე დაკვირვება: მათი ყოველდღიური უაზრო პრობლემების, უაზრობისთვის ცხოვრებისა და უაზრობისთვისვე სიკვდილის დანახვა.

სასაცილო არ იქნება ჩვენივე გამოგონილი ღირებულებების, სულელური მორალების და წესების, მათ გამო მომხდარი იდევ უფრო უაზრო ომებისა და ტანჯვა-წამების ყურება?

ჭიანჭველებით ვფუსფუსებთ ყოველდღე ერთ ეზოში და რა ხდება იმის იქით, აზრზე არ ვართ.

წარმოიდგინეთ, რომ იქ, ზემოთ, ერთ-ერთმა მათგანს გართობა უნდება და უცნაურ ნივთს, ან სულაც, უცნაურ მოვლენას გვიგდებს. მერე კი დგას და უყურებს, როგორ ვცდილობთ საუკუნეების განმავლობაში ამ “რაღაცის” წარმოშობის და არსებობის მიზეზების დადგენას.

ან იქნებ სხვებიც მასთან ერთად დგანან და სანაძლეოებს დებენ, ვინ უფრო ადრე მოახერხებს საიდუმლოს “ამოხსნას” და ადამიანუკებისთვის დამაჯერებელი ახსნის მოფიქრებას (“ვირთხების რბოლასავით”).

კარგი იუმორის გრძნობა აქვთ იქ, ზემოთ…


ბურთულები, რომლებიც ერთმანეთთან მიაგორეს

საიდან იწყება მეგობრობა?

 

გაიხსენეთ მომენტი, როცა მიხვდით, რომ თქვენი მეგობრები “თქვენები” გახდნენ…

ზოგი ამას დერეფანში მასთან ერთად ტრიალისას მიხვდა.

 

ზოგს ამისთვის წლები ერთ მერხზე ჯდომა დასჭირდა და კონკრეტულ მომენტი მისი მეხსიერების ლაბირინთებში სამუდამოდაა დაკარგული.

 

ზოგიერთმა  ექსკურსია ან ქეიფი გაიხსენა.

 

მაგრამ უმეტესობის მეხსიერებაში ცარიელია იმ კონკრეტულ მომენტის ადგილი, როცა ამა თუ იმ ადამიანთან მეგობრობა “გადაწყვიტა”.

 

მიუხედავად ამისა, ეს მომენტი ხომ არსებობს? ხომ არის ადგილი დროსა და სივრცეში, საიდანაც ჩვეულებრივი “გამარჯობა-როგორ ხარ”-ს იქით მოგინდა წასვლა?

რატომ მოხდა ეს? რატომ ეს ადამიანი და არა ის?

ცხოვრებაში ბევრ ადამიანს ვხვდებით, რომელთან ურთიერთობა შეიძლება მოგვწონდეს და რომელთაც შეიძლება ძალიან ვაფასებდეთ, მაგრამ ყველა არ ხდება ჩვენი მეგობარი. რატომ?

 

1 ვარიანტი: სიტუაციას მოაქვს.

 

მეგობრობის 90% შემთხვევითობიდან იწყება – შემთხვევით დალაპარაკებიდან, შემთხვევით შეხვედრიდან, შემთხვევით საჭირო მომენტში ურთიერთდახმარებიდან.

 

თუმცა ყველა, ვისაც შემთხვევით ვხვდებით, ველაპარაკებით ან ვეხმარებით, ჩვენი მეგობარი არ ხდება.

 

მეგობრობა კიდევ საერთო ინტერესებია, მაგრამ საერთოდ ინტერესების მქონე ადამიანები შეიძლება მეგობრები არ იყვნენ. ზედა პირობა დაცული რომც იყოს.

ჰოდა, რაშია მეგობრობის ჯადოსნური ფორმულა? მის არარსებობაში?

 

რა გვაიძულებს, თვალი დავხუჭოთ ადამიანის იმ თვისებებზე, რომელსაც არამეგობარში ვერ ავიტანდით? რატომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ადამიანის კარგი და ცუდია მისაღები და არა იმ ვიღაც სხვისი?

 

რა გვანდომებს ადამიანთან იმ სიტუაციის გარეთ შეხვედრას, სადაც ისედაც ჩვენი გზები ისედაც იკვეთება?

ნუთუ ადამიანები, რომლებთანაც ასეთი სიხარულით ვურთიერთობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან “ჩვენები”, რომ რაღაც უხილავმა ძალამ ოდესღაც პატარა ბურთებივით მიგვაგორა ერთმანეთთან და მერე კიდევ დიდხანს გვაგორავებდა?

გამოდის, რომ ასე “შემთხვევით” ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, ვინც შეიძლებოდა, დღეს ჩვენი მეგობარი და მესაიდუმლე ყოფილიყო – მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოვჩნდით და საჭირო მიზეზი არ მოგვეცა ერთმანეთის პიროვნებით დაინტერესების – ანუ ერთმანეთთან არ მიგვაგორეს.

რატომ ვეგუებით ამას და რატომ ვანდობთ ყველაფერს შემთხვევითობას?

ძალიან ბევრი კითხვა დავსვი, რომელზედაც პასუხი არ გამაჩნია. ან გამაჩნია და ვერ ვხვდები.

მიმახვედრებს ვინმე?