ლურჯი კოშკი

9 000 დღის შემდეგ

დღეს დაფიქრდი, რომ 9 000 დღეზე მეტია ამქვეყნად ვარსებობ, უფრო სწორად, ამ სახით, თორემ ვინ იცის, რამდენი ხანია დაწოწიალობს ჩემი ენერგეტიკა ამ პლანეტაზე, განზომიერებაში ან სამყაროში…

ცხოვრებაში ძილის ეტაპი არსებობს და არსებობს ეტაპი, როცა იცი, რომ გამოღვიძება იწყება – საოცარი კანონზომიერებები და მხოლოდ შენთვის გასაგებ ენაზე მოწოდებული ნიშნები.

Awakening ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ძილ-ბურანია – როცა აღარ გძინავს, მაგრამ არ გღვიძავს – მატერიალური მაინც თავისკენ გექაჩება და შენს ჩათრევას ცდილობს.

არა, კიდევ ბევრი რამა უცნაური:

– როგორ იღვიძებ შენ და როგორ იღვიძებენ სხვები – ზოგს ძალიან მკვეთრი შენჯღრევა სჭირდება, ზოგიც მშვიდად და ნელა გამოდის ძილ-ბურანიდან.

– შიში იმისა, რომ ამ ძილ-ღვიძილს ვერასდროს დააღწევ თავს. სურვილი, დაინახო, გაიგო და იგრძნო მეტი. სამყაროს უსასრულობა და ამავდროულად იმის შეგრძნება, რამდენად პატარაა ის – სამყარო ხომ “შენ” გარეშე არ არსებობს – რეალურად ის იქ მთავრდება, სადაც შენი აღქმა.

ანუ მთლად უსასრულოც არ ყოფილა სამყარო – უფრო სწორად, მხოლოდ უსასრულოებისთვისაა უსასრულო, უფრო სწორად, მათთვის, ვინც საკუთარ უსასრულობას ჩაწვდა.

რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ აღიქვა საკუთარი და იმავდროულად სამყაროს უსასრულობა – ეს კითხვა თავისთავად მცდარია, თუმცა უნებურად მაინც ვუსვამ ხოლმე თავს.

კითხვები არ ილევა, თითოეული პასუხი მეტ კითხვას აჩენს და ასე გრძელდება…

იყო საღამო, იყო დილა, ცხრა ათას მერაღაცე დღე…

awakening(2)

Advertisements

არ მინდა ვიყო რეალისტი

ისევ ის ღიმილი შენს სახეზე, სულელ ბავშვად რომ მაგრძნობინებს თავს.

გადის დღეები, თვეები, შენ კი ისევ პოულობ რაღაც ახალს ჩემში, უცნაურს და სასაცილოდ ბავშვურს.

შენ გგონია, რომ გავიზრდები, რომ შენს გამო ახალი პიროვნება გავხდები.

შენთვის სასაცილოა, რომ სამყაროს ბავშვის ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ.

თვლი, რომ აბსურდული იდეები მაწუხებს, თუ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი პირად ცხოვრებასა და კარიერას/ფულს არ ეხება.

გაიგებ ოდესმე იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც მუდამ გაწუხებს: რატომ? რატომ გაინტერესებს? რაში გჭირდება? რას გაძლევს?

ბევრი ისეთი რამის მჯერა, რაც ვერც კი წარმოგიდგენია.

ნეტა რას იტყოდი, შენგან დამალული მე რომ გაგეცნო.

ალბათ წახვიდოდი?

ან შეიძლება არც წასულიყავი, მაგრამ იმ გრძნობას რა გადაიტანდა, რომ იმედი გაგიცრუე…

და მაინც მიყვარხარ.

და შენც გიყვარვარ.

ეს ხომ არარეალურია, მაგრამ მაინც ხდება – მაგასაც კი ვერ ვხდები?

მაშინ რა საჭიროა, ვიყო რეალისტი?

Take my hand, follow me through tranquility…


უჩინარი კაცი

უჩინმაჩინის მოსასხამი არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთი საღებავის დახმარებითაც ერგება გარემოს ქამელეონივით… როგორც, მაგალითად, ეს ჩინელი ხელოვანი 🙂

სხვისი არ ვიცი და მე პირადად ძალიან გამამხიარულა ამ სურათებმა ^_^

წარმოგიდგენთ Liu Bolin–ს (თუ, რა თქმა უნდა, ამ სურათებში მას იპოვით):


ქარხნული დღესასწაული

ახალ წელს დაწერილი და 9 დღის შემდეგ დაპოსტილი…

თავი ნახევრად ცარიელი… ჭიქა ნახევრად სავსე? დღეს არა, დღეს ჭიქებიც იცლება, ყოველგვარი სასმელი დროებითია – ხანდახან ნახევრად სავსეც.

მორიგი უაზრო ლოდინი 12 საათამდე, ბოლო წამამდე სამზარეულოში დატყვევებული დედა და უკიდურესი ხელოვნურობის შეგრძნება. სულაც არ მინდა ვიღიმოდე და ვიღაცას რამეს ვულოცავდე – ეს უბრალოდ ერთი მორიგი ღამის 12 საათია – არც არაფერი დამთავრებულა და არც დაიწყება. რა საჭიროა ამდენი აურზაური?

იქნებ მე ვარ სულელი და რამეს ვერ ვხვდები, მაგრამ მგონია, რომ მთელი მსოფლიო წელიწადის ამ დროს თავს  იტყუებს. ჩემზე დიდი თვითმატყუარა და მეოცნებე ბევრი არ იქნება, მაგრამ ნუთუ არავის აქვს იმის განცდა, რომ ახალი წელი ერთი დიდი თეატრია თეატრში? ან როგორ უნდა გქონდეს რეალურად იმისი იმედი, რომ ხვალ გაიღვიძებ და რახან ახალი წელია, ყველაფერი შეიცვლება? ცვლილებები ჩვენზეა დამოკიდებული – ან შეიძლება რაღაც სხვა ძალაზეც, ვინ იცის – რა შუაშია აქ წელი?

რა საჭიროა დაღეჭილ ლუკმად მოწოდებული დღეები, როცა ბედნიერება აბიზალოვკაა?

მორიგი ქარხნული დღესასწაული, წარმოებული ოცნებები, კონვეიერზე გატარებული საღამოები და დანიშნულების ადგილას ყუთებად დასარიგებელი ადამიანები – ესეც ჩვენი ახალი წელი…


ცოტაოდენი სითბო

იყო დილა, იყო საღამო, პირველი ღამე…

თბილი, არანორმალური და ბავშვური…

keep waiting and craving for more…

სითბო, რომელსაც ადამიანის თვალებში ხედავ… იმ მომენტში, როცა თავში ქაოსია… და ეს გამოხედვა ყველაფერს გავიწყებს – გავიწყებს დარდებს, სევდებს, საკუთარ არარაობას და გონებაში მიმდინარე საბრძოლო ბატალიებს… მომენტალურად ყველაფერი ყუჩდება, სიჩუმე ჩამოწვება და თავს პირველად გრძნობ მშვიდად…

გინდა გააჩერო წამი, საათი, ღამე – რატომ უნდა ამოვიდეს მწველი მზე, რატომ უნდა გაიღვიძოს სულგაყინულმა ქალაქმა და რატომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი ვითომ არაფერი…

იქნება დილა, იქნება საღამო, მეორე ღამე…

ისევ ის სიგიჟე, არანორმალური სითბო და წამიერი, წუთიერი თუ საათობრივი standby გონებაში… და ისევ ვითომ არაფერი…

დილას მოდევს საღამო, კვირა, თვე, იყინება მზე, წვიმს სევდა და თვალწინ ტრიალებს კადრები… გონების მაშინდელი გათიშვა მოგვიანებით error-ს აგდებს და ამ კადრებს ატრიალებს დღედაღამ…

ისევ იმედგაცრუება…

რა საჭირო იყო ან იმედი?

იმედი სულელებს აქვთ მხოლოდ…

ამ სისულელით სავსეა დედამიწა და ჯადოსნური ციხესიმაგრე…

And I watch how the beauty dies…

ლაბირინთი გასასვლელის გარეშე, უმიზნო ხეტიალი არსაით…

მორიგი სიკვდილი და ხელახლა დაბადება…


უფრთხილდი სიტყვას!

როგორ შეიძლება, სამმა სიტყვამ დამბლა დაგცეს, ადგილზე გაგყინოს, სული შეგიხუთოს და გული არანორმალურივით აგიძგეროს?

მაშინ, როცა ამ სიტყვების ავტორი არც კი მოგწონს?

მაშინ, როცა ეს რეალობაშიც კი არ ხდება – როდის აქეთ შეუძლია ვირტუალურ საუბარს ამდენი?

მაშინ, როცა იცი, რომ ამ სიტყვებს იმსახურებდი და ისიც იცი, რატომაც გეუბნება ის მათ.

მაშინ, როცა საუბრის დასრულებიდან ნახვარი საათის შემდეგაც თავიდან არ ამოგდის…

მერე იტყვიან, სიტყვებს მაგიური ძალა არ აქვთო…

თან ისეთ უბრალო სიტყვებს, ტყუილად რომ ვფანტავთ ხოლმე აქეთ-იქით ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს…

ამიტომ… უფრთხილდი სიტყვას! იცოდე, როგორ გამოიყენო და ისიც იცოდე, რომ შეიძლება სხვას იგივე გაცვეთილი ფრაზა ვერაფერში გამოადგეს, შენ კი მისი საშუალები მთები გადადგა.

უბრალოდ, მისი გამოყენება უნდა ისწავლო.



ანონიმ ინტერნეტომანთა კლუბი

გამარჯობა, მე bluekittie ვარ და ინტერნეტომანია მაქვს.

ეს კი ანონიმ ინტერნეტომანთა შეხვედრაა. დასწრება თავისუფალია.

გელით სასიამოვნო ვახშამი სანთლის შუქზე და საუბარი ყველაფერზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული.

ჯერ საკუთარ თავზე გიამბობთ.

სიმპტომები: ეცადეთ, იპოვოთ ჩემი სახლში ყოფნისას წუთი, როცა ფეისბუქზე, სკაიპში, ფორუმზე და კაცმა არ იცის, კიდევ სად არ ვარ – საეჭვოა, მოახერხოთ.

თუ იპოვით, მაშინაც – ოჯახის წევრებთან საუბრისას, ჭურჭლის რეცხვისას, საზამთროს ჭამისას, თავის მოფხანისას, აბაზანაში, “ზალაში”, საძინებელში, – მუდმივად იმაზე ვფიქრობ, როდის დავუბრუნდები ვირტუალურ რეალობას.

ასე, ვზივარ და უსასრულოდ ვაწკაპუნებ refresh ღილაკს.

სახლში ყოფნის არცერთი წუთი არ მემეტება სხვა საქმისთვის – ძილიც კი.

ამას თუ კითხულობ, 97% ინტერნეტომანი ხარ.

შენიშვნა: ამ წამალზე შეჯდომის მიზეზი ყველას თავისი აქვს.

მაინტერესებდა, ჩემნაირი თუ აქვთ.

აღიარება: ინტერნეტომანიით სახლში ყოფნის სიძულვილმა დამაავადა.

საკმარისია, გარეთ გავიდე, რომ ის აღარ მაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მხოლოდ ინტერნეტში შემიძლია თავი “სრულფასოვან” ადამიანად ვიგრძნო.

როგორც კი თავს მაღლა ვწევ და ოთახში მიმოვიხედები, გისოსების მეტს ვერაფერს ვხედავ და სული მეხუთება.

მეზიზღება ეს სახლი, მეზიზღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ვალდებულება (დის გარდა), მეზიზღება ყველაფერი, რაც აქაურობასთანაა დაკავშირებული.

ინტერნეტი კი… ოოო ეს ინტერნეტი… ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი თავისუფლება, ბევრი გასართობი, ბევრი ფანტაზია და საშუალება, უსასრულოდ მოკლა დრო…

მეტი რა გინდა ადამიანს, როცა საიდანმე გაქცევა გსურს?

What’s your excuse?